საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები
იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.
ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის ხუთ რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.
კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებგვერდზე – http://www.protezionecivile.gov.it/home.
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე – 333 8879123“,- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.