„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ განვითარებაზე გავლენას არ იქონიებს
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამომავლო განვითარებასა და მის სტრატეგიაზე გავლენას არ იქონიებს.
საბანკო ასოციაციამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიესალმება „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერებისა და ბანკის ინტერესები.
„საქართველოს საბანკო ასოციაციას“ სურს გამოეხმაუროს მისი წევრი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, რომელიც უკავშირდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ხელმოწერის უფლების შეჩერებას და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნის საკითხს.
„თიბისი ბანკი“ არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის დაცვით. „თიბისი ბანკი“ ფინანსური მაჩვენებლებით არათუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას „თიბისი ბანკის“ სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე.
მისასალმებელია „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერებისა და ბანკის ინტერესები.
„საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს“ უჭერს „თიბისი ბანკს“, ყველა „თიბისელს“ და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ამასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თიბისი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.