საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა
საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და არ გაიზიარეს.

კენჭისყრისას მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც თავიდან უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა.

„აპარატს ვთხოვ, საკითხი გაეგზავნოს ბიუროს. აქ მთავარი არგუმენტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის არ იქნა წარმოდგენილი საუკეთესო ევროპული მიდგომა, ვერ იქნა დასახელებული ვერცერთი დემოკრატიული ქვეყანა, თუ რომელ მიდგომას ეფუძნება ე.წ. მოტივირებული შენიშვნები. ვერ იქნა ახსნილი, რატომ ექვსი თვე და რატომ არა სხვა და პირიქით, ეს ნიშნავს თუ არა და საფრთხეს ქმნის თუ არა დამოუკიდებლობისთვის, ვიდრე უფრო ხანგრძლივი ვადა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დასკვნაში ასახული და მსჯელობას განვაგრძობთ პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.