„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი - შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტში არის საკითხები, რამაც შესაძლოა, დასაქმებულებზეც ცუდად იმოქმედოს
შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არის რიგი საკითხები, რამაც მსხვილი დამსაქმებლის ინტერესები თუ არ იქნება გათვალისწინებული, შესაძლოა, დასაქმებულებზეც ცუდად იმოქმედოს, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა, ნინო ჯორბენაძემ განაცხადა შეხვედრაზე სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები შრომის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ.
მისი თქმით, ასეთია მაგალითად ვადიანი ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ანაზღაურების პრინციპი, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
„თუ არ იქნა ინტერესი გათვალისწინებული, ყველა დამსაქმებელი, მით უმეტეს მსხვილი დამსაქმებლები, მაქსიმალურად ეცდებიან, კანონის ნორმებს აარიდონ თავი და ინტერესის ორმხრივი კონფლიქტი გამოვა. შესაბამისად, ვერ მივიღებთ შედეგეს, რომელიც კანონს შეიძლება, ჰქონდეს.
ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არის გარკვეულწილად სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სხვა შეთავსებით სამუშაოებზე აკრძალვას. გარკვეულწილად სამუშაოდან სამუშაოზე, ცვლიდან ცვლამდე შეიძლება, ადამიანს პრობლემა ჰქონდეს, მას ეკუთვნოდეს დასვენება და პირობითად, მივიღოთ შედეგად, რომ სხვაგან მუშაობის შემთხვევაში, იმავე ადამიანის, დასაქმებულის ინტერესები და ჯანმრთელობა იყოს შელახული“, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა.
ამასთან, ნინო ჯორბენაძე განმარტავს, რომ ცვლაში მუშაობა არის ნებისმიერ მსხვილ საწარმოში, მით უმეტეს ინდუსტრიულ საწარმოში, როგორიცაა რკინიგზა. არსებობს ცვლის განრიგი, ღამით მუშაობაც, რაც რეგულირებადია კომპანიის შიდა შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი დოკუმენტების საფუძველზე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.