საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, ყაზახეთში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მმართველი საერთო კრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და რუმინეთის სარკინიგზო და საზღვაო კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: 2023 წლის რვა თვის შედეგები და ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განხორციელებული გადაზიდვების დროს გამოვლენილი გამოწვევები;
შუა დერეფანში გადაზიდვების ვადების ოპტიმიზაციის მიზნით, საკონტეინერო ბლოკმატარებლების გადაზიდვის ორგანიზებისას მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელშიც გადაზიდვის ვადებთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებებელი იქნება გაწერილი;
კასპიის ზღვის პორტებს შორის (აქტაუ, ბაქო, ალიატი) პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო კომუნიკაციებით საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზების შესახებ შეთანხმება, რომელიც კასპიის ზღვაზე საფიდერო გემების ოპერირების სტაბილურობას უზრუნველყოფს;
კონტეინერების დისლოკაციის შესახებ ინფორმაციების მიღების და გაცვლის პროცესების ავტომატიზაცია და დიჯიტალიზაცია;
აქვე აღსანიშნავია, რომ აქტაუში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ათი წლის იუბილე აღინიშნა. შეხვედრის დასასრულს საერთო კრების თავმჯდომარემ, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა რომ ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ტვირთმფლობელებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.