საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია ფიდერული გემით საკონტეინერო გადაზიდვებს ევროპის მიმართულებით განახორციელებს
საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია „GR ლოგისტიკა“ და ტერმინალები Ady Container-თან (აზერბაიჯანი), KTZ Express-თან (ყაზახეთი) და კასპიის საზღვაო სანაოსნო კომპანია ASCO-სთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებს ფიდერული გემის მეშვეობით განახორციელებს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ფოთის პორტიდან პირველი ფიდერული გემი 146 TEU კონტეინერს რუმინეთის პორტში, კერძოდ კონსტანცაში გადაზიდავს. კონსტანცას პორტში გადატვირთვის შემდეგ კი გემზე არსებული ტვირთი გერმანიასა და უნგრეთში, მოგვიანებით კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნება.
„შავი ზღვის პორტებს შორის საფიდერო ხაზის ამოქმედება, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს. საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულება შემდეგია: ევროპა-ჩინეთი-ევროპა და ევროპა-შუა აზია-ევროპა.
ფიდერული გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. პროექტის მხარდამჭერი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის კონსორციუმის წევრი – ევროპული კომპანია Grampet-ია (რუმინეთი). საკონტეინერო გადაზიდვებში ასევე მონაწილეობენ კომპანიები: Rail Cargo და Metrans“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.