„საქართველოს რკინიგზის“ ბილეთების ონლაინრეჟიმში შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი, სალაროები კი ხვალიდან იმუშავებს
„საქართველოს რკინიგზის“ ბილეთების ონლაინრეჟიმში შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი, სალაროები კი ხვალიდან იმუშავებს

„საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო გადაყვანებს 27 თებერვლიდან განაახლებს.

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთების შეძენა ონლაინრეჟიმში დღეიდან შეეძლებათ, რკინიგზის სალაროები კი ხვალიდან იმუშავებს.

რაც შეეხება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ვაგონებში ასვლისას მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ, შესვლისთანავე კი გაივლიან დეზობარიერს და ხელებს სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშავებენ. ამასთან, მგზავრობის პერიოდში აკრძალული იქნება პირბადის მოხსნა.

„ძვირფასო მგზავრებო, სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ. კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს:

თბილისი-ბათუმი-თბილისი;

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;

თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;

თბილისი-ფოთი-თბილისი;

თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, 26 თებერვლიდან იმუშავებს. მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს.

რაც შეეხება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს; მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.