საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების მწვანე ობლიგაციები განათავსა
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების მწვანე ობლიგაციები განათავსა. საპროცენტო განაკვეთი განახევრდა და 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.
ახალი ობლიგაციებით საქართველოს რკინიგზამ 2012 წლის ივლისში გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა, რომლის საპროცენტო განაკვეთი 7.75% იყო.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.
აზიის განვითარების ბანკი წარმომადგენელმა, შეინ როზენტალმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი ამ პროექტის პარტნიორი და მთავარი ინვესტორია.
„ეს არის საქართველოში აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანში ინვესტიციის ნაწილი, რასაც ცენტრალური ადგილი უკავია მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის სტრატეგიებში. ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია, რადგან აჩვენებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის შესაძლებლობას, რათა ბაზარზე პირდაპირი წვდომა ჰქონდეს. ეს არის ის, რაც ყველას კმაყოფილების მიზეზი უნდა იყოს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საქართველოში მეტ მსგავს საქმიანობას ვიხილავთ“, – განაცხადა შეინ როზენტალმა.
„იბიარდის“ წარმომადგენელმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა აღნიშნა, რომ „იბიარდი“ მოხარულია ამ პროექტში მონაწილეობის გამო.
„კომპანიისთვის დამატებითი ფინანსური სარგებელთან ერთად, ის დიდი სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის. ის განავითარებს მობილობას ქვეყნის ფარგლებში საქათველოს სარკინიგზო სისტემის განახლებით და ამასთან ერთად, ეს პროექტი მოიცავს გაციფრულების კომპონენტს, რომელსაც ტექნიკურად დავუჭერთ მხარს, რათა დავეხმაროთ კომპანიას მისი საქმიანობის დიჯიტალიზაციაში ეფექტიანობის გასაზრდელად. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გენდერული კომპონენტია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავეხმარებით ახალგაზრდა ქალებს საქართველოს რკინიგზის ტექნიკურ სფეროში დაიმკვიდრონ თავი. ჩვენ ძალიან ვამაყობ ამით“, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ობლიგაციები 10 ივნისს განათავსა. ტრანზაქციაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ADB (აზიის განვითარების ბანკი), EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), JP morgan, Citi და Renaissance Capital იყვნენ ჩართულნი. ADB-მ და EBRD-მ ტრანზაქციაში ინვესტორების როლი შეასრულეს. ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე Dechert და Linklaters (ლონდონი), ხოლო საქართველოში MG LAW და BLC უწევდნენ. ადგილობრივი კომპანიებიდან კი საქართველოს რკინიგზის ფასიანი ქაღალდების მფლობელები „თიბისი კაპიტალი“ და Galt&Taggart გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.