მგზავრთნაკადის შემცირების გამო „საქართველოს რკინიგზა“ ხვალიდან თბილისი-ბათუმის ერთ რეისს აუქმებს
საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი #852/851 (ჯრტ), რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით ასრულებდა, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ, ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100 პროცენტის ანაზღაურდება მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს რკინიგზაში განუცხადეს, აღნიშნული მატარებლის რეისებზე მხოლოდ 40-მდე ბილეთი იყო გაყიდული.
„მგზავრების უმრავლესობა ცვლილების შესახებ ინფორმირებულია. შესაბამისად, მოხდა ბილეთების გადაცვლა ან თანხის დაბრუნება“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.