საქართველოს რკინიგზა ეხმაურება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს რკინიგზის, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა 80 519 105 აშშ დოლარის ანაზღაურება, წარმოადგენს აბსურდულ ბრალდებას და არ შეესაბამება სიმართლეს.
„კომპანია შპს „გეორგიას“ მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მომწოდებელ ქარხანად შემოთავაზებული ჰყავდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია სს „ურალსკიე ლოკომოტივი“. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზისთვის ცნობილი გახდა ჰოლდინგ „Синара – Транспортные машины“-ს (რომლის შემადგენლობაშიცაა ზემოაღნიშნული ქარხანა) აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე, საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით შეწყდა ხელშეკრულება და დღეის მდგომარეობით კონტრაქტორთან არათუ ანგარიშსწორება არ განხორცილებულა, არამედ აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა შესყიდვების №GEO230000694 ელექტრონული პროცედურის ფარგლებში სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „გეორგიას“ შორის 2023 წლის 25 დეკემბერს მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული ნებისმიერი ელექტრონული ტენდერი თუ პროცედურა არის საჯარო, აბსოლუტურად გამჭვირვალე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებსა და წესებს. Liberty Institute/თავისუფლების ინსტიტუტის მხრიდან გადაუმოწმებელი, ცრუ და მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელება არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ და ეთიკურ ნორმებს. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზა მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები“, – ნათქვამია განცხადებაში.