„საქართველოს რკინიგზა“ - 3 სექტემბერს სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება კომპანიის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად
„საქართველოს რკინიგზა“ - 3 სექტემბერს სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება კომპანიის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად

3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია ნათქვამი

განცხადების თანახმად, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულს კუთვნილი ხელფასი არ ჩაერიცხათ.

„საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას. შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამი თანამშრომლის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ მყისიერად აცნობა შესაბამის უწყებებს. დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იყვნენ კლინიკებში, სადაც მათ ოპერატიულად აღმოუჩინეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯები სრულად დაფინანსდა სადაზღვევო კომპანიის მიერ, რადგან „საქართველოს რკინიგზა“ ანაზღაურებს არათუ ყველა თანამშრომლის, არამედ მათი ოჯახების წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. აქვე განვმარტავთ, რომ მკურნალობის პერიოდში დაზარალებულ პირთან, ბესო დავლიანიძესთან პირდაპირ კონტაქტზე იმყოფებოდნენ მისი უშუალო ხელმძღვანელი და „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წევრები. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებმა დაშავებულები რამდენჯერმე მოინახულეს მათი სახლში გაწერის შემდეგაც. რაც შეეხება დამატებითი მედიკამენტების ხარჯებს – უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწეულ იქნა დახმარება 500 ლარის ოდენობით.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულს კუთვნილი ხელფასი არ ჩაერიცხა. ამ საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ – ბიულეტენზე მყოფი დაშავებული თანამშრომლისთვის, კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურება მოხდება საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის შემდეგ. აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ პირს „საქართველოს რკინიგზის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ჩაერიცხა სახელფასო დანამატი“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.