საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მომავალი წლიდან ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოები აშენდება
საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მომავალი წლიდან ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოები აშენდება

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მომავალი წლიდან ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოები აშენდება.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, მშენებლობისთვის ადგილები უკვე შერჩეულია ოთხ მუნიციპალიტეტში. ზუგდიდში მშენებლობა უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ჩოხატაურში, ხულოსა და სიღნაღში კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გამორჩეული არქიტექტურის იქნება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო დეპო, რომელიც ქალაქის ერთიან იერსახეზე იქნება მორგებული.

ამასთან, მომავალი წლიდან ​ასევე იგეგმება ​ახალი დეპოების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის.

მიმდინარე წელს უკვე გაიხსნა სამი ახალი დეპო – ბათუმში, ოზურგეთსა და რუსთავში.

„მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო-სამაშველო დეპოები ყველა ქალაქშია წარმოდგენილი, დღეისათვის დამატებითი საჭიროებაც არსებობს. თბილისში მსგავსი პრობლემა არ დგას, რადგან სახანძრო დეპოების საკმარისი რაოდენობაა, თუმცა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გარკვეული სოფლები რაიონული ცენტრიდან, სადაც სახანძრო ტექნიკაა განთავსებული, 20-25 კილომეტრითაც კი არის დაშორებული, რაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს ახანგრძლივებს. ამ ეტაპზე მუშავდება სპეციალური გეგმა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორია იმგვარად უნდა დაიფაროს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საგანგებო სიტუაციისას სახანძრო მანქანის კონკრეტულ ლოკაციასთან მისვლის დრო“, – აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.

მისივე თქმით, ახალი დეპოების საჭიროება ავტოპარკის განახლების პროცესითაც არის განპირობებული, რადგან ახალი ტექნიკა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შემოჰყავს, ძველ დეპოებში ვერ განთავსდება.

„ავტოპარკის განახლების, ძველი ტექნიკის ჩანაცვლების პარალელურად, საჭირო ხდება შესაბამისი დეპოების არსებობა, რადგან ახალი, ძვირადღირებული ტექნიკა ძველ ინფრასტრუქტურაში ვერ განთავსდება. ახალი სახანძრო მანქანები ზოგიერთ ძველ დეპოში უბრალოდ ვერ შეეტევა“, – აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი დეპოები ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ამასთან, სახანძრო-სამაშველო დეპოების ინფრასტრუქტურით სარგებლობა, მეხანძრე-მაშველების გარდა, მოხალისეთა ეროვნულ სიაში რეგისტრირებულ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

„ყველა ახალ დეპოში განთავსდება საზოგადოებრივი ცენტრები, სპორტული დარბაზები, საფეხბურთო მოედნები. ეს ჩადებულია სატენდერო პირობებში. დეპოები იქნება კომპიუტერიზებული და ყველგან იქნება ინტერნეტთან წვდომა. ახალი დეპოები მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვიწყებთ მოხალისეთა ეროვნული სიის შედგენას და ყველა ის ადამიანი, რომელიც მოხალისეთა ბაზაში იქნება რეგისტრირებული, შეძლებს სახანძრო-სამაშველო დეპოების ინფრასტრუქტურით სარგებლობას“, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახლო მომავალში მეხანძრე რობოტის შეძენასაც გეგმავს.

რობოტი განკუთვნილია ისეთ სიტუაციებში სამუშაოდ, როდესაც მეხანძრის შენობაში შესვლა სიცოცხლის რისკთანაა დაკავშირებული – არსებობს აფეთქების ან კონსტრუქციის ჩამოშლის საფრთხე.

რობოტი წყალს მილის საშუალებით სახანძრო მანქანიდან ან რეზერვუარიდან იღებს, იმართება დისტანციურად და მასზე დამონტაჟებული სპეციალური კამერით გამოსახულებას რეალურ დროში გადასცემს. მეხანძრე რობოტი ადვილად გადაადგილდება სხვადასხვა ტიპის რელიეფზე და კიბეზე ასვლაც კი შეუძლია.