23 მაისს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 99 წელი შესრულდა, 2025 წელს კი ქვეყნის პირველი რადიო უკვე საუკუნეს იზეიმებს. საქართველოს რადიომ, ამიერკავკასიაში პირველმა, 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა.
მიუხედავად ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების განვითარებისა, რადიო მაინც არ კარგავს თავის მსმენელს, ნიშას და აქტუალობას. წლიდან წლამდე საქართველოს რადიოს პროგრამა სულ უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მოთხოვნებზე მორგებული ხდება.
საქართველოს რადიო მსმენელს ახალ რუბრიკას – „პოეზიის ერთი წუთი“ სთავაზობს, რომელიც ეთერში ყოველდღე გავა და „ოქროს ფონდში“ დაცულ ქართველი პოეტების ლექსების უნიკალურ ჩანაწერებს შესთავაზებს საზოგადოებას.
2023 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროკომისიასთან ერთად ახორციელებს პროექტ The Synchromesh-ს, რაც რადიოთეატრის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ტრანსნაციონალური პროექტი რადიო აუდიოდრამის სფეროში კარიერით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. The Synchromesh-ი ემსახურება რადიოს ერთ-ერთი უძველესი ჟანრის, რადიოთეატრის პოპულარიზაციასა და განვითარებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რადიოთეატრს დიდი ტრადიცია აქვს.
რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს.