საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურში სომხეთის გუნდს გამანადგურებელი შედეგით 4:0 მოუგო.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია იცავდნენ.
საქართველოს ქალთა ნაკრები სატურნირო ცხრილში რვა ქულით მეორე ადგილზეა. მე-6 ტურში გოგონები უკრაინის ნაკრების წევრებს შეხვდებიან, რომლებიც ასევე რვა ქულით ცხრილში მესამე ადგილზე არიან.
ვაჟთა ნაკრებმა კი მეხუთე ტურში ისრაელის გუნდთან 1,5:2,5 წააგო. ბაადურ ჯობავა ბორის გელფანდთან ქულა გაიყო, ასევე ყაიმი დააფიქსირეს ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ. მიხეილ მჭედლიშვილი კი დამარცხდა.
ვაჟთა გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილში მეოცე ადგილზეა, მეექვსე ტურში იტალიის ნაკრების მეტოქე იქნება.
ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე დღეს დასვენების დღეა.