საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო
საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი – „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“ და ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ დაიწყო.

ევროპის საბჭოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.

ორივე სასწავლო კურსი შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მოიცავს საერთაშორისო ინსტრუმენტებს და სტანდარტებს, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის პროცესში.

HELP-ის სასწავლო კურსები ინტეგრირდა პროკურატურის ოჯახური და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სპეციალიზაციის სასწავლო პროგრამებში. სასწავლო კურსები 3 თვის მანძილზე გაგრძელდება და მონაწილეობას საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული დანაყოფის 39 სპეციალიზებული პროკურორი მიიღებს, რომლებმაც სპეციალიზაციის პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლოს გაიარეს.

დისტანციურ სწავლებას ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტუტორები, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სალომე შენგელია და ქრისტინე მორგოშია გაუძღვებიან.

საქართველო ევროპის საბჭოს HELP-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების ათეულშია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროკურატურაში 23 სასწავლო კურსი ჩატარდა, რომელშიც 334 თანამშრომელი მონაწილეობდა. HELP-ის სასწავლო კურსების ინტეგრირება პროკურორთა სპეციალიზაციისა და სხვადასხვა ტრენინგმოდულში აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.