საქართველოს პროკურატურამ 2018 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 220 სახელმწიფო მოხელის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ 2018 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა.
ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროს თანამდებობაზე 177 პირი მუშაობდა, ხოლო 43 თანამდებობას უკვე აღარ იკავებდა.
პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ 84 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია; 70 პირი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი იყო; 16 პირი იყო საკრებულოს წევრი ან თანამშრომელი; 15 პირი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი; 14 პირი იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი; 7 პირი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი.
ამასთან, პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, დევნადაწყებული 220 პირიდან, 77 პროცენტის შემთხვევაში დანაშაული 2017-2018 წლებში იყო ჩადენილი.
2018 წელს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 239 მოხელის მიმართ, ხოლო გამამართლებელი განაჩენი – 21 მოხელის მიმართ.
ანგარიში 47-ფურცლიანია, სადაც მიმოხილულია მთავარი პროკურატურის საქმიანობა. კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ზოგადი კრიმინოგენური ვითარება.