საქართველოს პროკურატურა საგარეჯოში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს საგარეჯოში უმძიმესი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, ოთარ ღვინაშვილის დაღუპვის გამო. საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგებს“, – აღნიშნილია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.