ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია.
„სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, დღეს უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა.
დაკავების განჩინებები გამოიცა მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის მიმართ. მინძაევი დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2005-2008 წლებში, გუჩმაზოვი დე-ფაქტო შს სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2008 წლის ომის დროს, ხოლო დავით სანაკოევი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი იყო.
ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში. პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მათვე ცნობით, წინასასამართლო პალატის მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.
„აღნიშნულ საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა.
ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ დიდ წარმატებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში საქართველოს პროკურატურასთან ერთად საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს – საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.