პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის მიმართ ზეწოლის შესახებ ადვოკატების განცხადებას სიცრუეს უწოდებს
პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის მიმართ ზეწოლის შესახებ ადვოკატების განცხადებას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს პროკურატურა ბრალდებულისგან ჩვენების და ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, განმარტებას აკეთებს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში, შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, არჩილ გაგნიძის ადვოკატის თქმით, დასვენების დღეებში მათი ინფორმირების გარეშე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა საქმის პროკურორი, რომელიც გაგნიძისგან ჩვენების მიღებას ცდილობდა.