საქართველოს პროკურატურა - გამოვლენილია ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლის შედეგად საქართველოში საბანკო დაწესებულებებსა და აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობის ზარალი მიადგათ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რვა პირის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ექვსი სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ე.კ-მ, ლ.გ-მ, გ.გ-მ, ვ.ნ-მ, შ.ი-მ, და ლ.დ-მ, მათივე მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოს ტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ. აღნიშნულით, მათ მიეცათ შესაძლებლობა პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის“ გადახდის სისტემაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე.
ბრალდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით. დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს.
საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ კი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ნაწილდებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვა სახელმწიფოში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის. ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.
2020 წლის 16-17 ივნისს ე.კ-ს, ლ.გ-ს, გ.გ-ს, ვ.ნ-ს, შ.ი-ს, ლ.დ-ს, გ.კ-ს, და კ.ა-ს, წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.