საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები წარუდგინეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე შეხვედრა გამართა.
სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს და თითოეული კანდიდატის პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე ისაუბრეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის როლზე გაამახვილეს ყურადღება და საარჩევნო პროცესების მენეჯმენტის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, ხვალ, 12:00 საათამდე პრეზიდენტი წერილობით მიიღებს შეთავაზებებსა და ბიოგრაფიებს დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.
ამასთან, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა და კონსულტაციები სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც გაგრძელდება.
„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „საარჩევნო კოდექსთან“ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თანამშრომლობა გაგრძელდება. შემდგომში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს აქტიური და პრეზიდენტთან კონსულტაციები სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული ფორმატი კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
რაც შეეხება კანდიდატურებს, არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა. პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას დღის ბოლოსთვის, რომელი სამი კანდიდატურა წარადგინოს განსახილველად ცესკოს”, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.