საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი მიიღო, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს, მისი და თურქეთის პრეზიდენტის სახელით, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის კეთილდღეობა უსურვა.
„შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესწრებოდა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დინამიკა და აღნიშნულ კონტექსტში მხარეებს შორის ამ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით გაწეულ რეფორმებს, ძალისხმევასა და ამ კუთხით ბიუჯეტის ზრდას“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მნიშვნელობას მსოფლიო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და თურქეთი ერთად შეინარჩუნებენ სტაბილურობას რეგიონში და იზრუნებენ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე. საუბარი შეეხო საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას სამმხრივი ურთიერთობის ფორმატში.