საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინ ზადე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც.
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის რამდენიმე მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი მოსიძე, პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ნინო წილოსანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ადა მარშანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.