საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ბოტანიკური ბაღი და „რიონჰესის“ ერთ-ერთი ნაგებობა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონში ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ეწვია და „რიონჰესის“ კომპლექსის ნაწილი, ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობა დაათვალიერა.
სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკური ბაღის ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უნიკალური ჯიშის რამდენიმესაუკუნოვანი ნარგავები დაათვალიერა.
აღინიშნა, რომ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსდა და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემდეგ, მეორეა ქვეყნის ადრეულ ბოტანიკურ ბაღებს შორის. ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700-მდე სახეობის მცენარით, ხითა და ბუჩქით, მსოფლიოს ყველა რეგიონიდან.
სალომე ზურაბიშვილმა ის შენობა დაათვალიერა, სადაც ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი დაიბადა, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ ბაღს ხელმძღვანელობდა მისი მამა, იაკობ მარი.
ბაღის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოტანიკურ ბაღში კვიპაროზის ნერგი დარგო.
ქუთაისში პრეზიდენტმა „რიონჰესის“ ისტორიული ნაგებობის ნაწილიც დაათვალიერა, ჰესის, რომელიც საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.
პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ჰესის მუშაობასთან და იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.