საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„კითხვები ამოიწურა. ქალბატონი სალომესგან მაცნობეს, რომ მას არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის მიმართ ძირითადი კითხვები ეხებოდა, რას ფიქრობს, ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე ერთი დღით ადრე რატომ შეუწყვიტა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლაც იზიარებს თუ არა თავის ადრინდელ პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო საქართველომ და მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.