საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრთან, ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარესთან, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.
საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ „უკრაინულ ცენტრს“ ეწვევიან.
ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, სალომე შაფაქიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას. მისივე თქმით, ვიზიტი ასევე დროულია ევროინტეგრაციულ კონტექსტშიც.
„წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ რომ ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით და სამიტი სწორედ ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში მიმდინარე წლის 11-12 ივლისს გაიმართება“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.