საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიასთან წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციასა და მის დაძლევაზე. საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია ქვეყნისათვის პრობლემად რჩება, პრეზიდენტი პირველივე დღიდან ყველანაირ ძალისხმევას იყენებს მისი შემცირების მიმართულებით და არჩევნების შემდგომაც ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მწვავე პოლარიზაციის გამო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ოკუპაცია, პანდემია და ვაქცინაცია, რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები ყურადღების მიღმა რჩება და არჩევნების შემდეგ ქვეყანამ აქტიურად უნდა განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარების დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, რომელიც გამოიხატება ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაციაზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობაში, ასევე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაში.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ყველა დონეზე აქტუალურად განიხილებოდეს.