საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტალინში ჩავიდა. ესტონეთის დედაქალაქში სალომე ზურაბიშვილი ორი დღის განმავლობაში დარჩება, რა დროსაც მაღალი რანგის შეხვედრებს ესტონელ კოლეგასთან, კერსტი კალიულაიდთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იური რატასთან გამართავს.
ესტონეთში საქართველოს ელჩის, თეა ახვლედიანის ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რაშიც ესტონეთი ქვეყანას მხარდაჭერას უდასტურებს. მისივე თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის კონტექსტშიც, რადგან კერსტი კალიულაიდი სულ ახლახან ვლადიმერ პუტინს შეხვდა და საუბრისას საქართველოს საკითხი დააყენა. ორი მხარე დღეს ურთიერთთანამშრონლობით მიღწეულ შედეგებს შეაჯამებს.
„ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს არის თემები, რომელთა განხილვა გათვალისწინებულია ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. ეს არის ესტონეთის მხარდაჭერის პრაქტიკული განხორციელება საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. ბუნებრივია, განხილულ იქნება საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებული თემატიკა. ცნობილია, რომ ეს თემა ესტონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონმა კერსტი კალიულაიდმა ერთი თვის წინ დააყენა მოსკოვში, რუს კოლეგასთან შეხვედრისას. ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთგული და მტკიცე მხარდამჭერია და სწორედ მისი მოწვევით მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 3 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ესტონეთს ჰყავს განახლებული საპარლამენტო შემადგენლობა და ახალი კოალიციური მთავრობა, ვიზიტი დროულ და კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა კიდევ ერთხელ შესაბამის მაღალი თანამდებობის პირებთან განმარტებული იქნას საქართველოს პრიორიტეტები“, – აღნიშნავს ესტონეთში საქართველოს ელჩი.
თეა ახვლედიანის თქმით, ტალინი დიდ კონფერენციას უმასპინძლებს, სადაც პანელზე სალომე ზურაბიშვილი გამოვა სიტყვით. ელჩის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ხედვას მოისმენენ ევროპის მომავალთან დაკავშირებით. შეხვედრებზე განხილული იქნება ესტონეთთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები.
„კიბერუსაფრთხოება, ელექტრონული გადაწყვეტილებები, ელექტრონული მთავრობა, კრეატიული ინდუსტრიები, – ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის ის მიმართულებები, რაც განაპირობებს ესტონეთში ამ სექტორებში მოქმედი მთავარი ორგანიზაციების მონახულებას და იქ გამართულ შეხვედრებს. რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე განხილული იქნება წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები“, – აღნიშნავს ელჩი.