საქართველოს პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილის ოჯახს სამოქალაქო თავდადებისთვის მედალი გადასცა.

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გამართა, რომელსაც პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო იმ ადამიანისთვის, რომელიც შემართებისა და შეუგუებლობის ერთგვარი სიმბოლო გახდა. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში. ის არის სიმბოლო იმ უსამართლობის და გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. დღეს, 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მინდა, მის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ჩვენი ყველას უდიდესი პატივისცემის და ჩვენი იმედის ნიშანი, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანებული იქნება და ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან, აღარ ექნებათ აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.