სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისში საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური და ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ, საქართველო – აზერბაიჯანის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყნებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო სტრუქტურებში თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
მათვე ინფორმაციით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის საკითხს და აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და არაღიარების პოლიტიკას. საქართველო და აზერბაიჯანი აგრძელებენ ერთმანეთის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული და სატრანსპორტო ერთობლივი პროექტების მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე, რომელიც აღნიშნულ პროექტებს მოაქვთ საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე,
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი მოსიძე, პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ნინო წილოსანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ადა მარშანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.