საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიხაი ზიჩის მინიატურების გამოფენა მოეწყო
უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი მინიატურების გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 18 მინიატურული ნამუშევარი და 1888 წელს გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემული ვეფხისტყაოსანი, რომელიც სწორედ უნგრელი მხატვრის მიერ არის ილუსტრირებული. უნგრეთის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად გუშინ ეწვია.
უნგრეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ უნგრული და ქართული მხარე ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს როგორიცაა – პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, განათლება და ტურიზმი. შეხვედრის ბოლოს უნგრეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.