ორბელიანების სასახლე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის დროშის ფერებში განათდა და ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო – Noli Me Tangere/ არ შემეხო – გამოიფინა.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ მონუმენტური ნახატით გამოხმაურებოდა უკრაინაში ომის წლისთავს. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შთაგონებულია პიკასოს „გერნიკით“ (Guernica), როცა 1937 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე პიკასოს ერთადერთი ნამუშევარი „გერნიკა“ ჰყვებოდა ომის საშინელებებსა და ომის პერიოდში ადამიანურ ტრაგედიას“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.