საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხებისაკენ მოუწოდებს
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს, დროულად გაიარონ ჰეპატიტთან დაკავშირებული შესაბამისი ტესტირება და ჩაიტარონ მკურნალობა, რომელიც საქართველოში უსასყიდლოდაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია, ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.