საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოსა და NATO-ს შტაბ-ბინაში გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის თემატიკა.
პრეზიდენტი დაგეგმილი შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.
ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება, რის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. ასევე შეხვედრები შედგება ევროკომისარებთანაც. საქართველოს პირველი პირი ევროკავშირში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან სამუშაო სადილსაც გეგმავს.
ევროინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვა ვიზიტის მეორე დღეს უკვე ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრას გამართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. გიორგი მარგველაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ბრიუსელის ფორუმზე. საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ეწვევა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტს.
საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე შოთა ღვინერია, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლი ალექსანდრე მაისურაძე.