გიორგი მარგველაშვილისა და ალექსის ციპრასის შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბერძნული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობაზეც ისაუბრეს
საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებები საბერძნეთის პრემიერთან ალექსის ციპრასთან გამართა.
ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობა საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა ევროპის განვითარებას და სწორედ, ამ ტრადიციებზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ურთიერთობები.
მხარეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები ვაჭრობის, ტურიზმის და ბიზნესთანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ალექსის ციპრასმა დაადასტურა საბერძნეთის სრული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მისწრაფებების მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა, რომ ოკუპაციამ საქართველოში მცხოვრები ბერძნებიც დააზარალა. აღინიშნა ისიც, რომ საფრთხე ექმნება იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან საქართველოს ტერიტორიაზეა.
ერთობლივ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და საბერძნეთის პრემიერმა აღნიშნეს, რომ საჭიროა, საერთო ძალისხმევა ევროპაში კონფლიქტების მოსაგვარებლად და სტაბილურობის შესაქმნელად, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ინვესტიციების მოზიდვისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებზე.
ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.