საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 9 ივლისს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება და საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ანკარის აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დახვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში სხვადასხვა ქვეყნის 20 პრეზიდენტთან, 10 პრემიერ-მინისტრთან და ხუთი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრებიან.
ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.