საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ელია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო და უწმინდესსა და უნეტარესს ანგელოზის დღე პირადად მიულოცა.

პრეზიდენტმა პატრიარქს მხნეობა და ერის საკეთილდღეოდ გამძლეობა უსურვა.

თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო საზოგადოებავ, გილოცავთ ჩვენთვის სასიხარულო და საამაყო დღეს. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ სიხარული და აღტაცება საქართველოს პატრიარქით, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას პატრონობს, ლოცავს და მოძღვრავს.

ალბათ ჩვენი, ქართველების თავისუფლების მოყვარეობის ხშირად, საკუთარი თავის ამპარტავნებით, ან რაღაც ასეთი სურვილებით განპირობებულია და ურთულესია ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის დამოძღვრა და სწორ გზაზე დაყენება, მაგრამ საოცარია თქვენი ღვაწლი, რომელიც თქვენ ათწლეულების განმავლობაში გაწიეთ, უპატრონეთ და დამოძღვრეთ ჩვენი ერი.

ნამდვილად ეს წლები დრამატული იყო საქართველოსთვის და ბუნებრივია შეუძლებელია, რომ ათმაგად მტკივნეული, დამზაფრავი და დრამატული არ ყოფილიყო თქვენთვის, მაგრამ თქვენმა სულმა და ღვთის შეწევნამ თქვენც გაგატანინათ, ჩვენი ერი წინ წასწია და ჩვენი ეკლესია გააძლიერა.

როდესაც ვფიქრობთ წარსულსა და მომავალზე, ჩვენ ხშირად ვუბრუნდებით ძალის ასაღებად წმინდა წერილს, ვუბრუნდებით იმ ამბებს, რომლებიც მოგვითხრობს წარსულსა და მომავალზე. ხშირად, როდესაც ვცდილობ, რომ იმედი დავინახო მომავალში, მე მახსენდება კაცობრიობის დასაწყისი, როდესაც ბიბლიურმა პატრიარქმა იაკობმა ისრაელი შექმნა.

თავისი შთამომავლობა შექმნა იმ ძალად და იმ ერად, რომელმაც დაიმკვიდრა მომავალი. ძალიან მძიმე იყო გზა იაკობისა, ლტოლვილად ჩამოყალიბდა იგი, კაცად, იმიტომ რომ პატარა ბიჭი იყო, როდესაც იგი სახლიდან წავიდა და ლტოლვილად დაიღუპა ის ეგვიპტეში.

მძიმე და დრამატული იყო მისი ურთიერთობა თავის შვილებთან, თქვენ იცით, რომ მისმა შვილებმა ყველაზე საყვარელი შვილი დილეგში ჩააგდეს და ეგვიპტეში გაყიდეს. მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი სასიკეთოდ მოტრიალდა ისრაელისთვის და სასიკეთოდ მოტრიალდა იაკობის სახლისთვის.

როდესაც დრამატულ მოვლენებს ვუყურებ, მახსენდება ეს ამბები და იმედი მეძლევა მომავლის, იმედი მეძლევა, რომ ჩვენი პატრიარქი ჩვენთვის სულიერების, შეწყნარების, მომავლის იმედის მომცემი, კვლავაც ასეთი სიყვარულით დაგვმოძღვრავს ჩვენ მომავალში. გილოცავთ ანგელოზის დღეს და თქვენზე უფრო მეტად ალბათ საქართველოს ვულოცავ, იმიტომ რომ ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი მოძღვარი ჰყავს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო ტრაპეზზე.

თავის მხრივ, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ 1977 წელს გადაღებული ფილმის ციფრულ ფორმატზე გადაყვანისთვის, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.