საქართველოს პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ლორთქიფანიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს, პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრისას ჰააგის სასამართლოში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა განიხილეს.
„საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, წარმატებები უსურვა მას, მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს მოსამართლეობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.