საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩთან ერთად, დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩთან ერთად, დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩთან ერთად, შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის „აღმოაჩინე საქართველო“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სამცხე – ჯავახეთს რელიგიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, ეს რეგიონი მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.

„მინდოდა, ელჩს ენახა სამცხე -ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა. სამცხე – ჯავახეთი ასევე, უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი. ეს არის გზა, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო შემოვიდა. ეს ადგილი მსოფლიო მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ახლახან შექმნილი ერუშეთის ახალი დაცული ტერიტორია წარმატებისა და გაძლიერების კიდევ ერთ საფუძველს ქმნის.

„ერუშეთის დაცული ტერიტორიის გარშემო ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე გააძლიერებს რეგიონს. ანუ, ამ მხარეს დიდი მომავალი აქვს და ეს ძალიან კარგად შეაფასა ამერიკის ელჩმა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვიყვანე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამერიკის ელჩს პრეზიდენტმა და ფოკას დედათა მონასტრის წინამძღვარმა მონასტრის დაარსების, მისი საქმიანობის, საკვირაო სკოლის, სამინანქრო სახელოსნოსა და ყველის მცირე ქარხნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც ძველი ჯავახური ტრადიციით, რამდენიმე სახეობის ყველი მზადდება.

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სამცხე -ჯავახეთის გაცნობისათვის და აღნიშნა, რომ შთამბეჭდავია იმის ნახვა, რაც ფოკას წმ. ნინოს მონასტერში დედა ელისაბედმა და სხვა მონაზვნებმა შექმნეს როგორც ადგილობრივი საზოგადოების ინტეგრაციის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, აგროტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით.
„ვფიქრობ, ამ მხარეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ეს განსაკუთრებული ადგილია. მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა.

საერთო ჯამში, ეს იყო ლამაზი დღე და ჩემი შანსი, მენახა საქართველოს შემოგარენი, ისეთი ადგილები, სადაც მე ჯერ არ ვყოფილვარ. სავარაუდოდ, როგორც კი შევძლებ, კიდევ დავბრუნდები. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.