საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. კოჯორში ასევე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში.

„ამავე დროს, მინდა, აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ეს დღე გვახსენებს, რაოდენ დიდია ღვაწლი და დამსახურება ჩვენი გმირების ჩვენი სამშობლოს წინაშე. იუნკერებმა გაწირეს სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომ, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დაღუპულმა იუნკრებმა გმირობის მაგალითი აჩვენეს.

„ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის არის ძალიან შთამბეჭდავი ისტორია და არის სახელმძღვანელო, როგორ უნდა გიყვრდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, როდესაც მას საფრთხე ემუქრება. 100 წლის შემდეგ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.