საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ავღანეთში სასმელი წყალი გაიგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების გვერდით დგას და აქტიურად არის ჩართული როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში.
„როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე. საქართველო ამ პროცესში კვლავ დგას საერთაშორისო პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ, ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნა სასმელი წყალი. შეგახსენებთ, საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით. ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში. გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.