ჩვენს ხალხს შორის კონტაქტებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, ისევე როგორც საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კოლეგის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სწორედ ნიკოლ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ ეკონომიკური კომისია უმაღლეს, პრემიერ-მინისტრების დონეზეა აყვანილი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი კომისია ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას.
მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას ემსახურება მის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“, რადგან დემოკრატიული განვითარების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, ღია და გამჭირვალე მმართველობის, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დაწყებამდე გაიმართა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.