საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

საქარველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.

შეხვედრისას, მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამოკვეთილი თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ ი​მსჯელეს. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი  ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე, ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან აახლოებს.

აღინიშნა, რომ მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დასტურია იმისა, რომ საქართველოს კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ურყევი და შეუქცევადია.

აგრეთვე, შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში მიღწეული წარმატებები და სამომავლო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. მამუკა ბახტაძემ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა – განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს.

საქარველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. აგრეთვე, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

ნატო-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოელერი, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს წარმომადგენელი ნატო-სთან ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ, რომლის დასრულების შემდეგაც მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.