საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს იუსეფ აჰმად ალ-ჰნაითს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იორდანიასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. გამოითქვა იმედი საქართველოსა და იორდანიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი კავშირების შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იორდანიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იორდანიის სამხედრო დაზვერვის დირექტორი აზამ ალ რავეჰნენი, იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიუროს გენერალური დირექტორი აიმან ალ ბათრანი, იორდანიის დაგეგმვისა და ორგანიზების დირექტორი ჰოსამ ჰადადი. შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.