საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და ლიეტუვას თანამშრომლობით ახალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაფუძნდა
საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და ლიეტუვას თანამშრომლობით ახალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაფუძნდა. საერთაშორისო ფესტივალის სახელწოდებაა „ტრანს/მისიები – აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა“.
საქართველოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს. ფესტივალი ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც უპირველესად ფოკუსირდება დრამატულ ხელოვნებაზე, მაგრამ ასევე წარმოადგენს სხვა თეატრალურ ფორმებსაც.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, სახელოვნებო პროგრამა ასევე მოიცავს კონცერტებს, ფილმების ჩვენებას, გამოფენებს, მსახიობებთან შეხვედრებს.
„სახელოვნებო განზომილებასთან ერთად, ფესტივალი დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია. იგი აკავშირებს საქართველოსა და უკრაინას კულტურულ ოთხკუთხედთან და ევროპული თანამეგობრობის ორ წევრს (პოლონეთი, ლიეტუვა). ყველა პარტნიორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გეოგრაფიული და კულტურული საზღვრები. ფესტივალის ინოვაციური ბუნება შესაძლოა გახდეს შემდგომი ახალი აქტივობების ინსპირაციის წყარო კულტურულ და სოციალურ სფეროში“, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პირველი გასტროლი საერთაშორისო ფესტივალზე პირველი „ტრანს/მისიები – აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა”, 22 აგვისტოს ჟეშუვის ვანდა შიმანოვსკას სახელობის თეატრში გაიმართება. ბათუმის თეატრი სპექტაკლს სახელწოდებით “სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!”- წარადგენს.