საქართველოს პირველმა არხმა ვეტერანი თანამშრომლები ოქროს საშვებით დააჯილდოვა
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, არხის ვეტერანი თანამშრომლები დააჯილდოვა.
მაუწყებლის ექვს თანამშრომელს, რომელსაც ტელევიზიაში მუშაობის 40 წელი შეუსრულდა, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ოქროს საშვები და საჩუქრები გადასცეს.
ვეტერანი თანამშრომლების დაჯილდოების ტრადიცია უკვე მეოთხე წელია, გრძელდება.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ოქროს საშვებით ტელევიზიის ვეტერანი თანამშრომლების დაჯილდოება სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
„რამდენიმე წელია, გვაქვს ტრადიცია, როდესაც ტელევიზიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს სიმბოლურად ვაჯილდოებთ ოქროს საშვებითა და საჩუქრებით. ამ შემთხვევაში გვყავს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც აქვთ არა მხოლოდ ორმოც წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება ტელევიზიაში, არამედ დამსახურება, ერთგულება, პატივისცემა იმ საქმის მიმართ, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს. პანდემიის გამო ღონისძიება არ არის მასშტაბური, თუმცა, ეს არ გვიშლის ხელს, რომ ჩვენს თანამშრომლებს გადავუხადოთ მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებენ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ეთერის რეჟისორმა, მარინე პაპაშვილმა განაცხადა, რომ ტელევიზიაში მუშაობის 40 წელი დიდი ცხოვრებისეული პრაქტიკაა.
„დღეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა. 40 წელი თვალსა და ხელს შუა გავიდა და ასე მგონია, რომ ყველაფერი გუშინ დაიწყო. ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაქვს. ეს არის არა მხოლოდ ტელევიზიაში გატარებული წლები, არამედ დიდი ცხოვრებისეული პრაქტიკა. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემი არხი, ჩემი ტელევიზია უკვე გაბრწყინების ხანაშია და იმედი მაქვს, იქნება პირველი ტელევიზია“, – განაცხადა მარინე პაპაშვილმა.