საქართველოს პირველმა არხმა სტუდენტური ფილმების ფესტივალის „ფიჩინგ ფორუმის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს პირველმა არხმა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული სტუდენტური ფილმების ფესტივალის „ფიჩინგ ფორუმის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფესტივალს საპრიზო ფონდისთვის 5 000 ლარი გადასცა, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროექტებს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით დაეხმარება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული ორიგინალური გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია ქვეყანაში. გარდა ამისა, მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ინდუსტრიის მხარდაჭერასა და ინვესტირებას.
„საქართველოს პირველი არხი კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, ხელს უწყობს ქართული წარმოების ზრდას და ქმნის სამუშაო ადგილებს. მაუწყებელს ქართული კინოპროდუქციის კოპროდუქციაში და თანადაფინანსებაში 500 000 ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რაც მოიცავს დოკუმენტური და მხატვრული ფილმების და ამ მიმართულებით პროექტების თანადაფინანსებას“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინფ ფორუმი“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული სტუდენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პირველი არხის, თბილისის მერიის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა მხარდაჭერით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანადაფინანსებით შექმნილმა ფილმებმა საქართველოს და საერთაშორისო ფესტივალებზე არა ერთ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის პირველი არხის თანაპროდიუსერობით შექმნილი ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ტრაიბეკას ფესტივალზე სამი ჯილდო მიიღო, „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.