საქართველოს პირველმა არხმა რეგიონულ მაუწყებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს პირველმა არხმა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მოქმედ რამდენიმე რეგიონულ მედიასაშუალებასთან მემორანდუმი გააფორმა. ასევე გაფორმდა მემორანდუმი რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან, რომელიც 29 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე წარმოებულ პროდუქტს ეთერში გასაშვებად უსასყიდლოდ გადასცემს რეგიონების რამდენიმე ტელევიზიას: ტელეკომპანია „ფარვანას“, ATV 12-სა და მარნეულის ტელევიზიას.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი, გარდა იმისა, რომ არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტი და აქვს მისია, რომელსაც ემსახურება, ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს მედია ინდუსტრიის გაძლიერებასა და განვითარებას. ამ მიმართულებით კი, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რეგიონულ მაუწყებლებთან მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს პირველი არხი და რეგიონული მაუწყებლები სამომავლოდ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით გეგმავენ.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს პირველმა არხმა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი რეგიონულ მედიასთან. განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც მარნეულია, ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანულენოვანი „მოამბე“ გადაიცემოდეს. ასევე შევთანხმდით კონტენტის გაცვლაზე, რაშიც ძირითადად მოიაზრება საგანმანათლებლო და სასკოლო პროგრამა, მუსიკალური და შემეცნებითი გადაცემები აზერბაიჯანულ ენაზე. ჩვენი მხრივ, ვგეგმავთ მომზადდეს დოკუმენტური ფილმები. ველოდებით, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის“, – განაცხადა „მარნეული ტვ“-ის დირექტორმა, შალვა შუბლაძემ.
„ნინოწმინდაში მოქმედი ტელევიზია „ფარვანა“ მიესალმება საქართველოს პირველი არხის რეგიონულ ტელეკომპანიებთან თანამშრომლობის ინიციატივას. გისურვებთ წარმატებას ამ წამოწყებაში და ველოდებით ახალ წინადადებებს“, – განაცხადა ტელევიზია „ფარვანას“ დირექტორმა, ალბინა ვარდანიანმა.
„ეს კარგი დასაწყისია რეგიონული ტელევიზიების განვითარების ხელშეწყობისთვის, ამ ორ მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო არ ფლობენ სახელმწიფო ენას. ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ენებზე მის მიერ წარმოებულ პროდუქტს გადასცემს და ამით რეგიონში ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ.
პირველ ეტაპზე, მაუწყებელთა ალიანსის წევრებს საახალწლო ეთერში იმ მოკლემეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმების ერთჯერადი ჩვენების უფლება გადაეცემათ, რომელთა საავტორო უფლებებსაც თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ფლობს.
„მოხარული ვართ საქართველოს პირველ არხსა და მაუწყებელთა ალიანსს შორის მემორანდუმის გაფორმებით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საზოგადოებრივი და რეგიონული მაუწყებლების თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აცხადებს მაუწყებელთა ალიანსის თავმჯდომარე ავთანდილ გველებიანი.