საქართველოს პირველმა არხმა მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შენობის პროექტი საჩუქრად გადასცა

22 აგვისტოს მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის და „თბილქალაქპროექტის“ პირველმა პირებმა სამმხრივ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიმართა. ღონისძიებას მოლდოვის პარლამენტის კულტურის, განათლების, კვლევების, ახალგაზრდობის, სპორტის და მედიის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – პასლარიუკ ვირგილიუ და მოლდოვაში საქართველოს ელჩი ლევან დიასამიძე დაესწრო.

მემორანდუმის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებელი მოლდოვის მაუწყებელს უსასყიდლოდ გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. #31-ში ასაშენებელი ახალი შენობის საჯარო კონკურსის და შემდგომში საჯარო ტენდერის ფარგლებში შესყიდულ არქიტექტურულ (და მის თანმდევ) პროექტს, რომელსაც მოლდოვის მაუწყებელი  ადაპტირებული სახით მათზე მორგებულ ვერსიას გამოიყენებს.

„მემორანდუმის ხელმოწერა გახლავთ სოლიდარობის აქცია გამოცდილების გაზიარების მიზნით. ჩვენ ორივე ორგანიზაცია ვართ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრები, გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და გვაქვს ერთიანი მისწრაფებები. სწორედ ამიტომ ერთმანეთის თანადგომა და დახმარება ნიშნავს ძლიერ საზოგადოებრივ მაუწყებელს, შესაბამისად კი ნიშნავს დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებას და ხალხს“,- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

ამასთან,  მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმირ ტურკანუმ მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ახალი პერსპექტივა მივცეთ საზოგადოებრივ მაუწყებლობას მოლდოვის რესპუბლიკაში. იმისთვის, რომ ის თანამედროვე და მიმზიდველი გავხადოთ როგორც მსმენელისთვის, ასევე მაყურებლისთვის და დარგის პროფესიონალებისთვის, საჭიროა მისი ინფრასტრუქტურის აღდგენა. უაღრესად მადლობელი ვართ საქართველოში ჩვენი კოლეგების და განსაკუთრებით თინათინ ბერძენიშვილის მეგობრობისთვის და ღიაობისთვის, რომელიც მათ ამ პროექტში გვაჩვენეს“, – აღნიშნა ვლადიმირ ტურკანუმ, TRM-ის გენერალურმა დირექტორმა.

გარდა ამისა, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების და მრავალმხრივი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:

დოკუმენტური ფილმების, პროგრამების, ქვეყნების გეოგრაფიის, ენისა და კულტურის, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების ამსახველი მედიაპროდუქტების გაცნობა და გავრცელება;

მედიაპროექტების ერთობლივი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, მათ შორის, მედია მასალებისა დაარქივების სფეროში;

სპეციალისტების მომზადების თანამედროვე ფორმებისა და მეთოდების დანერგვაში დახმარება, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და სასწავლო კურსების, სემინარების და ა.შ. ჩატარება;

ერთობლივი მონაწილეობა გამოფენების, კონფერენციების და სხვა აქტივობების ორგანიზებაში და ასევე მომავალი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.