საქართველოს პირველმა არხმა ანზორ ერქომაიშვილის ჩანაწერების გაციფრულება დაიწყო
გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო წლისთვის საქართველოს პირველი არხი იმ მასალას გააციფრულებს, რომელიც საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდშია დაცული.
„საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო ანზორ ერქომაიშვილის იმ ჩანაწერების გაციფრულება, რომელიც საქართველოს რადიოს ოქროს ფონდსა და ვიდეოარქივშია დაცული და ნამდვილად ღირებულია არა მარტო ჩვენი მაუწყებლისთვის, არამედ ზოგადად ქართული კულტურისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის არქივის ხელმძღვანელმა გიორგი ჩართოლანმა განაცხადა.
„ანზორ ერქომაიშვილი მრავალი წელი მუშაობდა პირველ არხზე და დატოვა უნიკალური მასალა, იმ გადაცემების, ინტერვიუების, შემოქმედებითი საღამოების სახით, რაც, საბედნიეროდ, დღემდე შემორჩენილია ჩვენს ფონდებში. ეს გადაცემები არის ძალიან ძველ მატარებლებზე ჩაწერილი. ერთი მათგანი ძველ, ე.წ. დიდ ვიდეოზეც კი არის ჩაწერილი და საჭიროებს რესტავრაციასა და აღდგენას. ეს პროცესი უკვე დაიწყო საქართველოს პირველ არხზე. ვფიქრობ, მალე გვექნება ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედების სრული ვიდეო და აუდიო ციფრული ვერსიები. პარალელურად, მასალები მთელი წლის განმავლობაში აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე – 1tv.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი ნახვის საშუალება ექნება. ჩვენს აუდიოფონდში ასევე დაცულია ხალხური სიმღერების უნიკალური ხმოვანი ჩანაწერები, რომელიც საბჭოთა პერიოდში ფირმა „მელოდიამ“ ჩაიწერა. „მელოდიის“ დახურვის შემდეგ, ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა ეს უზარმაზარი მასალა გადმოსცა პირველ არხს. მისი ღვაწლი სრულიად შეუფასებელია ჩვენი მაუწყებლისთვის და მზად ვართ, რომ პირველ რიგში, მოვახდინოთ სწორედ ამ დანატოვარის გაციფრულება და ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა ჩართოლანმა.
გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება.